ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კონფერენცია: „ერთად სიცოცხლის შექმნისკენ - ახალი პერსპექტივები რეპროდუქციულ მედიცინასა და ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში“
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო თემაზე „ერთად სიცოცხლის შექმნისკენ - ახალი პერსპექტივები რეპროდუქციულ მედიცინასა და ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში“.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის პროფესიული კომპეტენციის ამაღლება, უნაყოფობის დროული დიაგნოსტიკის, მართვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.
მარი ზანაქიძე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის - უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს უნაყოფობის მქონე წყვილებისთვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, მათ შორის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში დღემდე 740 ვაუჩერია გაცემული, დაიბადა 87 ბავშვი, ამჟამად კი 13 ორსულობა პროგრესირებს. ხოლო, პროგრამის ბიუჯეტი 2026 წელს 1,2 მილიონ ლარს შეადგენს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომები რეპროდუქტოლოგებმა, გინეკოლოგებმა, რადიოლოგებმა, კლინიკურმა ემბრიოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა გააცნეს. კონფერენციას უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული ღონისძიების სტატუსი ჰქონდა, შესაბამისად, მონაწილე ექიმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულები მიენიჭებათ.