საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

image
logo
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბათუმში ნეონატოლოგთა XXV კონფერენცია გაიმართა
image

ბათუმში ნეონატოლოგთა XXV კონფერენცია გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე​ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი რიგით XXV სამედიცინო კონფერენციას დაესწრნენ თემაზე: „ნეონატოლოგიური ზრუნვის გაუმჯობესების საფუძვლები: ახალშობილთა სკრინინგი და ქალის რძის ბანკი“.

,,მადლობა ნეონატოლოგთა ასოციაციას, ყოველწლიურად ძალიან საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისთვის. მოგეხსენებათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისების დანერგვა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეგიდით დავიწყებთ „მაღალი რისკის ახალშობილთა ქალის რძის ბანკით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ქალის რძის პირველი ბანკი საქართველოში, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ამოქმედდება, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ქვეყნის პერინატალური და ნეონატალური სერვისების განვითარების მიმართულებით.
ასევე 2023 წელს საპილოტედ დავიწყეთ თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენის მიზნით, მაღალი რისკის და მოწყვლადი ჯგუფის ახალშობილებისთვის სკრინინგული კვლევის ჩატარება 47 მეტაბოლურ დაავადებაზე. პროგრამის ფარგლებში წელს 2 300 ბავშვის სკრინინგია დაგეგმილი" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ნეონატოლოგთა კონფერენციაზე რამდენიმე ფუნდამენტური სამედიცინო საკითხი განიხილეს, მათ შორის: დედის რძე და დონორი ქალის რძის ბანკი, ბუნებრივი კვების მნიშვნელობა დაბალი წონის ახალშობილებში, ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგის მნიშვნელობა, სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA) სკრინინგი, დაავადების მართვის თანამედროვე თერაპიული ეპოქა და სხვა.

კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები.