ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო



ბათუმში ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
ბათუმში ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია: „იმუნიზაცია ყველასთვის - ჩვენ ეს შეგვიძლია“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში იმუნიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას, ასევე იმუნიზაციის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა ნინო ნიჟარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წევრებმა, იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული კლინიკების და პირველადი ჯანდაცვის ქსელის წარმომადგენლებმა.
იმუნიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გადამწყვეტ ინტერვენციას, რომლის საშუალებითაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას ასაკობრივ კალენდარში განსაზღვრული ვაქცინებით და მიზნად ისახავს ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციას, რითაც ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.