ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო


მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია - 2023 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა ,,მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია ".
2. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მიზანია მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის
აღდგენა და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლება.
ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ:
· სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
· ომის ვეტერანები.
5. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9.
6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის
ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი, მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აუცილებელი ინვენტარი (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა, მიმწოდებლის მიერ ბეჭდით დამოწმებული, რაც შესაძლებელია გადამოწმდეს სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ადგილზე გასვლით);
დ) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის და სერთიფიცირების თაობაზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ამას ითვალისწინებს საქმიანობა).
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების და შესრულების წესის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119, მეორე სართული, ოთახი №9. ტელეფონი: 0422 24-79-62.